ლევან იზორიამ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიას შორის ტრადიციულ მჭიდრო ურთიერთობას და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის მაგალითზე და აღინიშნა გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, რისთვისაც ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა.
ელჩმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გერმანიის ურყევი მხარდაჭერისათვის, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გააქტიურებაზე.
საუბრის ბოლოს, გერმანიის პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.