ლევან იზორია - ყოველთვის მზად ვართ დიალოგისა და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის
ყოველთვის მზად ვართ დიალოგისა და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას მიერ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ გაკეთებულ განცხადებას, სადაც შამბა ამბობს, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა.
იზორიას თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები არის იმის წინაპირობა, რომ ეს მშვიდობიანი პოლიტიკა და დიალოგი რეალურად შედგეს.
„გვაქვს მშვიდობიანი პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია თანამოძმეების – აფხაზების და ოსების ინტეგრირებაზე. ამ მშვიდობიანი პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ჩვენი გაძლიერება და განვითარება. ეს უნდა იყოს წინაპირობა ჩვენი თანაცხოვრების, წინაპირობა აფხაზების და ოსების მხრიდან მეტი ინტერესის, საქართველოს ფარგლებში განვითარების და სწორედ ამას ემსახურება გეგმა “უკეთესი მომავლისკენ”, რაც მთავრობამ წარადგინა.
ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის. ამისთვის გვაქვს საერთაშორისო ფორმატები. განუხრელად ვიცავთ პრინციპებს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება არის დამოკიდებული ამ ფორმატებზე და სწორედ ამის ფარგლებში გვაქვს გააზრებული რეალური ბერკეტები და მექანიზმები მომავალში მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს მაქსიმალური კონტროლი. მისი თქმით, რეალურად, გადაწყვეტილებები აფხაზი და ოსი ხალხის ნებით არ მიიღება. ამიტომ იზორია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ფორმატების გაძლიერებით, მეტი ვალდებულება უნდა დააკისრონ რუსეთს, რათა მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.
„ფორმატის გაძლიერებაში ვგულისხმობ ჩვენს ინტენსიურ პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით დიალოგის განხორციელებას. საერთშორისო ნორმები კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის განუხრელ დაცვას ემყარება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.