ლევან იზორია - წელს ყველაზე ამბიციური პროგრამა დავიწყეთ, ეს არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა
წელს დავიწყეთ ყველაზე ამბიციური პროგრამა, ეს არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში აშენდა უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ქართველი სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად საბრძოლო მომზადებას გადიან.
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, წელს ახალი სარეზერვო სისტემა ამოქმედდა.
მისი თქმით, სამი კვირის წინ დასავლეთ საქართველოში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა და აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა უფრო ეფექტური იქნება.
ლევან იზორიას განცხადებით, მომავალ წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება საქართველოში გაიმართება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
„წელს სამხედროების სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება დავიწყეთ, რომელიც შეეხო 2 500 სამხედრო მოსამსახურეს. ეს პროცესი გაგრძელდება 2020 წლამდე და შეეხება 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, მინდა აღვნიშნო ნატო-სთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკა.
მომავალ წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება საქართველოში გაიმართება. ჩვენ ამ დინამიკას გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ, რათა ის ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას, მიღწეული იყოს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.