ლევან იზორია - შევძელით, რომ ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ
ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
ლევან იზორიამ ისაუბრა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რაზეც მიმართულია ბიუჯეტი – ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა წვრთნა და შენარჩუნება.
„თუ ბიუჯეტის 2/3 იყო სოციალური, პერსონალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული, ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად, შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ, თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის: ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა“, – განაცხადა იზრორიამ.
მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის განაწილება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ხდება.
„დღეს ბიუჯეტის მართვა არის, სწორედ გონივრული განაწილება და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება. ნატო-ს სტანდარტის მიხედვით, პერსონალურ და სოციალურ ხარჯებზე ბიუჯეტი 55%-ის ფარგლებშია, წელს ჩვენ ამ მიმართულებით 48% გვაქვს. შეიარაღების მიმართულებით გადავაჭარბეთ ნატო-ს სტანდარტს და გვაქვს 24%, რაც ხაზგასმით აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისი განცხადებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ფინანსური კუთხით დღეს ნატო-სთვის მთავარი სტანდარტია. საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%- ის ფარგლებში ფინანსებს, იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.