ლევან იზორია - საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები და პროგრესი აქვს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში
ლევან იზორია - საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები და პროგრესი აქვს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და ამას ადასტურებს ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები,  ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები და პროგრესი აქვს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

„დაგეგმილი შეხვედრა უპრეცედენტოა სამიტის ფარგლებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, ვიმსჯელებთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და განისაზღვრება ახალი კონკრეტული ფორმატები, რომლებშიც თანამშრომლობა იქნება მომავალში პრიორიტეტული.

განსაკუთრებით აღვნიშნავ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და ამას ადასტურებს ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები. ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის.

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ღრმავდება და ფართოვდება, ამის დასტურია გერმანიის ინიციატივა, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა კონტრ-მობილურობის მიმართულებით. ამის დასტურია გაერთიანებულ ძალთა წვრთნების სარდლობასთან ჩვენი ერთობლივი წვრთნების კოორდინაცია, მჭიდრო თანამშრომლობა და ის დინამიკა, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი.

კერძოდ, 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნები ჩატარდება. ეს ყველაფერი იძლევა პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა, რაც ახლახან იენს სტოლტენბერგმაც დაადასტურა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.