ლევან იზორია - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანია ჩამოყალიბდა, როგორც მტკიცე მხარდამჭერი, ამას მოწმობს მაღალი დონის შეხვედრების უპრეცედენტო დინამიკა, რაც მომავალშიც გაგრძელდება
ლევან იზორია - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანია ჩამოყალიბდა, როგორც მტკიცე მხარდამჭერი, ამას მოწმობს მაღალი დონის შეხვედრების უპრეცედენტო დინამიკა, რაც მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, როგორც მტკიცე მხარდამჭერი, ლიდერი ქვეყანა, ამას მოწმობს მაღალი დონის, ორმხრივი შეხვედრების უპრეცედენტო დინამიკა, რომელიც ბუნებრივია, მომავალ წელსაც გაგრძელდება, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

იზორიას განცხადებით, გერმანიაში გამართული შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი, პრიორიტეტული თემა არის და იქნება ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება.

„ის შეხვედრები, რომელიც წლის განმავლობაში შედგა, იყო განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამაში თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანა პრემიერ-მინისტრის აქტიურმა დინამიკამ, მისმა ვიზიტებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ათი თვის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ შედგა მაღალი დონის კომუნიკაცია. წელსაც ეს იყო დაკავშირებული პირისპირ შეხვედრასთან. მინდა, ასევე გავიხსენო ქალბატონი ბერბოკის ვიზიტი მარტის თვეში. განმსაზღვრელი გახლდათ 2 ნოემბრის კონფერენცია, სადაც ბატონი მინისტრის მოხსენებით გამოსვლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პოზიტიური გადაწყვეტილების გაცემის თვალსაზრისით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასევე პოზიტიურად შეხვდა მთავრობის მყისიერ რეაგირებას, როდესაც 27 ნოემბერს სახელმწიფო კომისიის მიერ განისაზღვრა რეკომენდაციების განხორციელების მიზნით კონკრეტული გეგმა. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომ ჩვენი თანამშრომლობის პლატფორმა, როგორც ევროკავშირთან, ისე განსაკუთრებით მის ლიდერ ქვეყანასთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან იყოს კონკრეტული ფორმატებით განსაზღვრული“, – განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორიას თქმით, მომავალი წელი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არანაკლებ საინტერესო იქნება.

„მომავალი წელი უფრო მეტი სამუშაო ვიზიტით იქნება დახუნძლული. ამას კარგი წინაპირობა აქვს. იცით, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ პირველად, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, გახლდათ შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი სტუმრად. მოეწერა ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტს და გერმანიამ, ჩვენ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა გვაღიარა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებებს იცავენ“, – აღნიშნა იზორიამ.