ლევან იზორია - საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემა სტინგერებს მიიღებს
ანტისატანკო სისტემების – ჯაველინების გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – სტინგერებს მიიღებს – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ განაცხადა.
ლევან იზორიამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში განხორციელებული სწორი პოლიტიკის აღიარებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაღრმავებისკენაა მიმართული.
ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ბიუჯეტზე, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს წარმოადგენს.
მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებული ძალების აღჭურვისკენაა მიმართული, რაც ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით, ალიანსის რვა წევრ ქვეყანასთან ერთად, საქართველო ნატო-ს სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, უწყების შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია 2019-2025 წლების პერიოდს მოიცავს და მასში განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს.