ლევან იზორია - რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს
2018 წელს 10 წელი სრულდება, როდესაც ბუქარესტში ნატო-მ პრინციპულად გააჟღერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თეოდორ ვიორელ მელესკანუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რუმინეთი კვლავ რჩება ამ პოზიციის და გადაწყვეტილების ერთგული და მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მომავალში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინელი დამკვირვებლების ჩართულობასა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას მონასტერში რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უმასპინძლა. ქართულმა დელეგაციამ მონასტერი დაათვალიერა, სადაც ნუსხური დამწერლობით შესრულებული სახარებაა დაცული. სახარება მონასტერს ქართლის მეფემ ვახტანგ მეექვსემ 1709 წელს გადასცა.