ლევან იზორია - პრემიერი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება უმაღლესი დონის შეხვედრები პირველ პირებთან და მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები პირველ პირებთან, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ასევე გათვალისწინებულია მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში. ეს დისკუსია შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებას. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო, რომ პანელს მოდერაციას კონფერენციის ხელმძღვანელი კრისტოფ ჰოისგენი გაუწევს“, – აღნიშნა იზორიამ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
„პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს და კონკრეტული გეგმები დაისახოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.