ლევან იზორია - ოპოზიციას თუ ასე აღელვებს კორუფციის ფაქტები, მოვიდნენ თავდაცვის ძალებში, კარი ყველასთვის ღიაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები თავდაცვის სამინისტროში კორუფციასთან დაკავშირებით ტყუილი და აბსურდია.
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, ოპოზიცია ტყუილზე და არარსებულ ფაქტზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებს.
„მაინტერესებს, რა კონკრეტულ ინფორმაციასა და ფაქტს ეფუძნებიან. ვფიქრობ, ეს არ არის სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვთ, ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ და აქვთ ამბიცია, პარლამენტში ხალხის სახელით იყვნენ წარმოდგენილი. ძალიან მაინტერესებს და თქვენთან ერთად მოვისმენდი ამ ე.წ კორუფციის ფაქტებს. ორ წელზე მეტია, რაც თავდაცვის უწყებაში ვართ, ჯერ არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ მინახავს ამ სფეროთი დაინტერესებული. თუ ასე აღელვებთ კორუფციის ფაქტები და თავდაცვის ძალებში არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, თუ სურთ, კამერების თანდასწრებით, კარი ყველასთვის ღიაა. ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ ჯარში ხორცი არ არის, ჯარი შიმშილობის პირასაა, თითქოსდა კორუფციული ინტერესების გამო, ტენდერი ჩავარდა, თუმცა აღნიშნულზე ტენდერი საერთოდ არ ჩაგვიტარებია. დიდი თხოვნა მაქვს, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.