ლევან იზორია - საქართველო ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება
საქართველო ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და მისიაში მონაწილეობას არსებული შემადგენლობით განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს შტაბ-ბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ვზრდით კონტინგენტს ჩვენს საწვრთნელ მისიაში და ვაგრძელებთ ავღანეთის ძალებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას, რათა მათ საკუთარი ძალებით შეძლონ ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ნატო-სთან ერთად მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებს.
„ვართ მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა როგორც ნატო-სთვის, ისე ევროკავშირისთვის და ამ პარტნიორობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს კი მყარი საფუძველია იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს აღიარებული ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ეს არის დაკავშირებული არა მხოლოდ იმ რეფორმებთან, რაც უწყებაში და ინსტიტუციონალურად ქვეყანაში ხორციელდება, ასევე – საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან, რაშიც საქართველო სამაგალითოა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.