ლევან იზორია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ყველა შეხვედრისას ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მთავარია, ეს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ
ლევან იზორია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ყველა შეხვედრისას ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მთავარია, ეს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ

ძალიან დადებითად შეიძლება შეფასდეს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ილია დარჩიაშვილმა საინტერესო შეხვედრები გამართა და ყველა შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მთავრობის მონაწილეობა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რომელიც, ტრადიციულად, მიუნხენში ტარდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ძალიან საინტერესო შეხვედრები გამართა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ამ შეხვედრის ფარგლებში ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მაქსიმუმი გაკეთდება, რათა წელსაც გვქონდეს წინსვლა პროცესში. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდამჭერ განცხადებებს, რაც სრულიად ახალ დინამიკას სძენს ურთიერთობებს. ახლო მომავალში დაიგეგმა ამ ურთიერთობების გაღრმავება. მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა ასევე საფრანგეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან. საუბარი იყო სტრატეგიული დიალოგის განახლებაზე, რომელიც ახლო მომავალში შედგება. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის საქმეში. ეს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს მოიცავს, არამედ მან სრულიად ახალი, დიდი, ევროპული განზომილება შეიძინა, სადაც გერმანია, როგორც ლიდერი სახელმწიფო, განსაკუთრებულ მხარდაჭერას იჩენს ჩვენი ქვეყანის მიმართ. ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იქნა გაცხადებული. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და შევასრულოთ ცხრა რეკომენდაცია. მაქსიმალურად პოზიტიურად მიდის პროცესი. მთავარია, წლის განმავლობაში ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. ასე რომ, ძალიან დადებითად შეიძლება შეფასდეს ვიზიტი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა განახორციელა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.