ლევან იზორია - კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა
რაც შეეხება დეპუტატ სალომე სამადაშვილის კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი კონკრეტული პასუხია, არა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მისი თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„თქვენ მკითხეთ, ან კი მითხარით, ან არაო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ჩემი პასუხი ცხადია“, – უპასუხა დეპუტატს ლევან იზორიამ.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდა „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც ნატო-ს წვრთნებს საქართველოში ქვეყნისთვის საზიანოდ განიხილავს“.
„რაც შეეხება ბატონი გიგას კითხვას, მე ასეთი განცხადება არ მომისმენია, შესაბამისად, ამ კითხვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, თქვენ იცით ჩემი პოზიცია და ამაზე ვსაუბრობ მთელი დღეა აქ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ნატო-სთან ინტეგრაციას, მათ შორის ერთობლივ სწავლებებს. მე ამ განცხადებას არ ვფლობ, უფრო სწორად არ მომისმენია და მოდით, ახლა ნუ ვმარჩიელებთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთ განცხადებას ქალბატონი პრეზიდენტი არ გააკეთებდა. თუ თქვენ მაჩვენებთ ამ განცხადებას, ვნახავ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გააკეთებდა“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.