ლევან იზორია - ინფორმაცია, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს
იმის მტკიცება, რისი ფაქტიც არ არსებობს, არის ელემენტალურად იმ ეთიკური ნორმების დარღვევა, რასაც ჟურნალისტიკა უნდა აკმაყოფილებდეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციებს.
ლევან იზორიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე თავდაცვის უწყებისა და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტები გაიხსენა.
მინისტრის შეფასებით, მსგავსი ინფორმაცია, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს.
„როდესაც ჯარისკაცს ეუბნები, რომ სისტემური პრობლემებია, შიმშილის პირას ხარ მისული, თურმე ხორცით უზრუნველყოფა უწყვეტად აღარ ხდება, თურმე უნიფორმით მომარაგება აღარ ხდება, ბუნებრივია, ეს არის პირველი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო დარტყმა და შესაბამისად, ამაზე მწვავე რეაქცია მექნება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.