ლევან იზორია - იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ფარგლებში ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა
ლევან იზორია - იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ფარგლებში ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა თავდაცვის უწყების ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ განაცხადა.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მეორედ მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას და აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგმა ადგილზე ნახა, როგორ წარმატებით ახორციელებენ ქართველი ოფიცრები, სერჟანტები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

„სწავლების ფარგლებში გვყავს ძალიან მაღალი დონის სტუმარი, ნატო-ს გენერალური მდივანი მის დელეგაციასთან ერთად. ეს კვირა იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ორ დღეში ვუმასპინძლებთ ნატო-ს სამხედრო კომიტეტს და მათაც ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ და ნახონ, როგორი წარმატებით სრულდება ნატო-საქართველოს სწავლებები.

ქართველებისთვის, როგორც ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორისთვის, საამაყო ფაქტია, რომ პირველად სწორედ ქართველების ორგანიზებით ხდება მისი გამართვა როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ფაზის განხორციელება. სტოლტენბერგმა და მისმა დელეგაციამ ადგილზე ნახეს, როგორ წარმატებით ახორციელებენ ქართველი ოფიცრები, სერჟანტები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, როგორ არის მათი მზადყოფნის დონე ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე განცხადებით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს. კერძოდ, შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით მომავალი სწავლების პერსპექტივაზე.

„ოთხი წლის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი“, რომელიც არის ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივა. ცენტრში მან ნახა, რა დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა თავდაცვის უწყების ფარგლებში. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ შევძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% მიგვემართა ძირითადი შეიარაღების შესყიდვებისთვის, აღნიშნა ინტენსივობა და მაღალი დინამიკა, მასშტაბურობა ერთობლივი სწავლებებისა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად ჩავატარეთ და რომელსაც ექნება მომავალშიც მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების ნატო-სთან“, – განაცხადა ლევან იზორიამ.