მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ანწუხელიძის ხსოვნას პატივი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიაგო.
თავდაცვის მინისტრის თქმით, გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია.
„თავისი თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება, დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, რადგან გვქონდეს სამშობლოს სიყვარულის ადეკვატური, ყველა საშუალება და უნარი თავდაცვისთვის“, – განაცხადა იზორიამ.
გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.
ანწუხელიძე 2001 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ თბილისში, მოგვიანებით კი, სენაკში მსახურობდა.
აგვისტოს ომის გმირი, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, 23 წლის ჯარისკაცი ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს.
ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ოსი სეპარატისტების მიერ მოკლული ქართველი სამხედრო იყო.
გიორგი ანწუხელიძეს ორი შვილი დარჩა.