ლევან იზორია - გერმანული მხარისგან მივიღეთ მთავარი გზავნილი, რომ პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით
მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ გერმანული მხარისგან არის ის, რომ პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, სასურველია ამ პროცესის მეტი ინკლუზიურობით გაგრძელება.
ამასთან, როგორც იზორიამ აღნიშნა, რუსული აგრესიის ფონზე, საერთო ამოცანაა საერთო ღირებულებების განმტკიცება და ინსტიტუციური თანამშრომლობების გაგრძელება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას უკავშირდება.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები როგორც ბუნდესტაგში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. განვიხილეთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, გლობალური გამოწვევები. ითქვა, რომ ჩვენ, ყველანი, ვართ თავისუფალი სამყაროს წევრი ქვეყნები, რომელთაც გვაქვს საერთო გამოწვევა. ეს გამოწვევა დღეს რუსული აგრესიითაა უკრაინაში გამოხატული. ამ გამოწვევის ფონზე, ჩვენი საერთო ამოცანაა საერთო ღირებულებების განმტკიცება და ინსტიტუციური თანამშრომლობების გაგრძელება, გაღრმავება, რაც, პირველ რიგში, უკავშირდება ჩვენს სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ გზაზე, ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. სწორედ ეს იყო პრიორიტეტული თემა. მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ გერმანული მხარისგან, არის ის, რომ პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით, სასურველია ამ პროცესის მეტი ინკლუზიურობით გაგრძელება. კონკრეტული, რეალური პირობები არსებობს, რათა ლიდერი ქვეყნების მაქსიმალური მხარდაჭერით, როგორიც არის ევროკავშირში გერმანია, ახლო მომავალში კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.