ლევან იზორია - გერმანიასთან თანამშრომლობის ყველა დონეზე უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა გვაქვს
გერმანიასთან თანამშრომლობის ყველა დონეზე უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა გვაქვს – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია გერმანიის კანცლერის მიერ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
ლევან იზორიას თქმით, გერმანია ნდობის ფონდში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.
„გერმანიასთან გვაქვს კარგი დინამიკა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის. გერმანული სარდლობის ქვეშ ერთგულად ვახორციელებთ საერთაშორისო მისიას ავღანეთში. ჩვენ წელს ვიღებთ დახმარებას კონტრმობილურობის გაძლიერების კუთხით და აქ სწორედ გერმანია იქნება ლიდერი ქვეყანა, რაც გულისხმობს დიდ ფინანსურ დახმარებასაც და პირველ დახმარებას სწორედ წელს მივიღებთ.
გერმანია არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ნდობის ფონდში, რომელიც შექმნილია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიზნით. ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი პროგრესი როგორც ნატო-ს ფორმატში, ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა მრავალმხრივ სწავლებებში გერმანული კონტინგენტის თანამონაწილეობის თვალსაზრისით. მე რამდენიმე ვიზიტი მაქვს დაგეგმილი გერმანიაში, ასე რომ სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობის დინამიკა არის ინტენსიური“, – განაცხადა ლევან იზორიამ.