ლევან იზორია - განცხადებები, რომ ჯარში სისტემური პრობლემებია, ღიმილის მომგვრელია და თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია
განცხადებები, რომ ჯარში სისტემური პრობლემებია, ღიმილის მომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც აქ მსახურებდა და იციან, რა პრობლემები არსებობდა ჯარში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ინციდენტი მოხდა წვევამდელებს შორის, ხოლო დაზარალებულს, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, არც ერთ მაკონტროლებელ ორგანოსთან არ უთქვამს, რამ გამოიწვია დაზიანებები.
„ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. დაზარალებულს, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, არც ერთ მაკონტროლებელ ორგანოსთან არ უთქვამს, რამ გამოიწვია დაზიანება. ითხოვა გათავისუფლება და სწორედ შემდეგ გაუზიარა ოჯახის წევრებს. როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღეთ, ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები. კატეგორიულად გამოვრიცხავ ოფიცრების მონაწილეობას. განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება, არის მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელი. ქართველი ჯარისკაცები ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ, რადგან მათ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს, რომ თავდაცვის ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და მსოფლიოში აღიარებული. როდესაც განცხადებები გვესმის, თითქოსდა სისტემური ხასიათი მიიღო ასეთმა შემთხვევებმა, არის ღიმილის მომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც აქ მსახურებდა და იციან რა პრობლემები არსებობდა ჯარში“, – განაცხადა იზორიამ.
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის დაპირპისპირება მოხდა, რაზეც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა. დღეს სამხედრო პოლიციამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.