ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ
თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ქვედანაყოფის შემაჯამებელი წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.
ვაზიანის მე-9 სასროლეთზე სტუმრები 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის მართვის პრინციპით განხორციელებულ შეტევით ოპერაციას დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, საბრძოლო სროლებით პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. წვრთნებს მონიტორინგს ქართველი და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ.
შემაჯამებელ სწავლებაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
31-ე ბატალიონმა 13-კვირიანი წვრთნა 2019 წლის 6 მაისს დაიწყო. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორთა ჯგუფი „ყორანი“ არიან. 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გადის. სწავლება ოთხ ფაზად იყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს ეთმობა.
GDRP მომზადებაში უშუალო ჩართვამდე 31-ე ბატალიონმა რვა თვიანი როტაციის წინა მოსამზადებელი პერიოდი დისლოკაციის ადგილზე ათეულისა და ოცეულის დონეებზეც განახორციელა.