ბაგრამის ბაზასთან ინციდენტის დროს ქართველი სამხედროები არ დაშავებულან
ავღანეთში, ბაგრამის ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ქართველი სამხედროები არ დაშავებულან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მან აფეთქების შედეგად აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაღუპული სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ავღანეთის მისია არის ძალიან საპასუხისმგებლო.
„სამწუხაროდ, გუშინ ეს შემთხვევა მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ამასთან მინდა, განვაცხადო, რომ ამ ინციდენტის შედეგად, ქართველი სამხედროების რიგებში მსხვერპლს ან დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მისია. კიდევ ერთხელ ხედავთ, რა საფრთხეების გამკლავება უწევთ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ავღანეთში აფეთქების შედეგად, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა. პენტაგონის ცნობით, აფეთქება ბაგრამის ბაზასთან მოხდა. აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა სამი ამერიკელი სამხედრო.