ლევან იზორია - აშშ-მა გამოთქვა მზაობა, საავიაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად თანხები გამოყოს
ქართული შეიარაღებული ძალები პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას გრძნობს. მისი სურვილითა და მონაწილეობით ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა ოფიცრებთან, სადაც განვიხილეთ საქართველოში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე განაცხადა, სადაც ფრანგული საჰაერო თავდაცვითი საშუალებების პრეზენტაცია გაიმართა.
ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა გამოთქვა მზაობა, თანხები გამოყოს საავიაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილითა და მონაწილეობით ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა ოფიცრებთან, სადაც განვიხილეთ საქართველოში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივა. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ეს და სხვა გატარებული რეფორმები, რაც აისახა ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებაში. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი არის მიმართული სწორედ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20 პროცენტი ძირითადი შეიარაღებისკენ. ამ მოთხოვნას ბევრი ნატო-ს წევრი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ჩვენ ვართ როგორც პარტნიორი ქვეყანა სამაგალითო გატარებული რეფორმებით.
ეს კვირა გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატები, კერძოდ, ნატო-ს მინისტერიალზე გვექნება შესაძლებლობა, საქართველოსა და ნატო-ს თავდაცვის კომისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებს გავაცნოთ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგები. ასევე, მექნება შესაძლებლობა, ორმხრივი ფორმატის ფარგლებში შევხვდე აშშ-ს თავდაცვის მდივანს, სადაც ჩვენ, როგორც ჩატარებული რეფორმების, ასევე შემდგომში განსახორციელებელი გეგმების შესახებ ვისაუბრებთ. გეგმები კი ამბიციური გვაქვს. იმედი მაქვს, პრემიერისა და პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერით ამ გეგმებს წარმატებულად შევასრულებთ.
ერთ-ერთი პრიორიტეტი აღნიშნული გეგმებისა გახლავთ სწორედ სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვა. ავიაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფინანსები გამოვყავით. წელს მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო და ამასთან ერთად, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მ გამოთქვა მზაობა, საავიაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად თანხები გამოყოს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე დღეს ფრანგული Thales Las და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურების, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრის და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემების პრეზენტაცია გაიმართა.