ლევან იზორია - არასდროს ყოფილა ნატო-ს მხრიდან საქართველოს ასეთი აღიარება, როგორიც დღეს გვაქვს
არასდროს ყოფილა ნატო-ს მხრიდან საქართველოს ასეთი აღიარება, როგორიც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პირველ არხს ოქტომბერში დაგეგმილ ნატოს-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
ლევან იზორიას თქმით, ინტენსიური მაღალი სტრატეგიული ვიზიტები საქართველოში მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უჭერს ნატო საქართველოს მხარს.
„ჩვენ ვაკვირდებით უპრეცედენტო დინამიკას თანამშრომლობისა ნატო-სა და საქართველოს შორის. მარტო წელს, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური მაღალი სტრატეგიული ვიზიტები საქართველოში, როგორიც გვქონდა, იქნება ეს ნატო-ს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის თუ ოქტომბერში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი.
ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უჭერს ნატო საქართველოს მხარს როგორც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პარტნიორს, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, როგორ უჭერს მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და როგორ აღიარებს საქართველოს, როგორც წარმატებულ მოდელს. ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის არის ასევე მკაფიო დემონსტრირება იმის, რასაც მეტი ნატო ჰქვია საქართველოში და ჩვენ, ჩვენი მხრივ ვიღებთ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს ნატოში წარმოდგენილი და უფრო მეტად იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ყველა ეს, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე პრაქტიკულ დონეზე, ჩვენი აქტიურობა ემსახურება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ისე, რა თქმა უნდა, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას იმ მთავარი სტრატეგიული მიღწევისთვის, რასაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და მისი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ლევან იზორიას თქმით, სწორედ ეს ქმედებები არის ყველაზე ძლიერი არგუმენტი პოპულისტების მიერ გაცხადებული გზავნილებისა, რომ საქართველოს კურსი ნატო-სკენ საეჭვოა.
„ეს არის ყველაზე ძლიერი არგუმენტი და ყველაზე ძლიერი პრაქტიკული მაგალითი იმ ვითომდა პოპულისტების მიერ გაცხადებული გზავნილებისა, რომელსაც არავითარი დამაჯერებლობა ამ ფონზე არ აქვს, რომ თითქოსდა რაღაც საეჭვოა ეს კურსი, თითქოსდა ნატო-სთან მიმართებაში ბოლო პერიოდში არ არის ისეთი სასურველი დინამიკა. პირიქით, არასდროს არ ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი, ფართომასშტაბიანი ჩვენს შორის ურთიერთობა და არასდროს არ ყოფილა ნატო-ს მხრიდან საქართველოს ასეთი აღიარება, როგორიც დღეს გვაქვს. ეს არის ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი, რომელსაც კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნის მიღწევისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.