ლევან იზორია - აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი გმირების სახელები გვაძლიერებენ ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ პოლიტიკურ ბრძოლაში
აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედრო მოსამსახურეების სახელები გვაძლიერებენ ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ ბრძოლაში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
მან საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს აძლიერებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, ოს და აფხაზ ძმებთან საერთო კეთილდღეობის შექმნის მისწრაფებებში.
რაც შეეხება აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ თემას, იზორია განმარტავს, რომ ეს იყო პირდაპირი ოკუპაცია, რომელსაც ასევე, წინ უძღოდა 90-იან წლებში დაწყებული აგრესია, რომელიც მინისტრის შეფასებით, რუსეთის პოლიტიკიდან მომდინარეობდა.
„ამას არამხოლოდ საქართველო, არამედ საქართველოსთან ერთად მთელი საერთაშორისო საზოგადოება გმობს და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია მტკიცე არაღიარების პოლიტიკა. ამ პოლიტიკის ნაწილია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული მხარდაჭერა და ამ პოლიტიკას ჩვენ ერთგულად გავაგრძელებთ ჩვენი საბოლოო სტრატეგიული მიზნების მიღწევამდე, მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჟურნალისტებმა იზორიას დღეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც სთხოვეს კომენტარი, რომლის თანახმადაც ოკუპაციაზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებამაც უნდა აიღოს. ჟურნალისტების ნაწილი დაინტერესდა, რატომ არ აკეთებენ აქცენტს ხელისუფლების წარმომადგენლები იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი ოკუპანტია. იზორიამ განმარტა, რომ ეს მცდარი განცდაა და არავის უჭირს ამის აღიარება, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში.
„ვფქრობ, ბავშვმაც იცის ამ კითხვაზე პასუხი, როდესაც ვსაუბრობთ, რუსული პოლიტიკაა ყველაფრის მიზეზი, ბუნებრივია, იგულისხმება ხელმძღვანელი პირები და შესაბამისად, ამ პოლიტიკის, აგრესიული პოლიტიკის წარმმართველი პირები. ასე რომ, ეს ალბათ, უბრალოდ რაღაც რიტორიკული კითხვაა, საფუძველს მოკლებული.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფაზეა მიმართული.
„ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა სწორედ მიმართულია ერთადერთი, მშვიდობის უზრუნველყოფაზე, მიმართულია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი მყარი პოლიტიკის გაგრძელებაზე, რომლიც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან. შესაბამისად, ამ პოლიტიკის ფარგლებში ვხედავთ იმ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.