ლევან იზორია - 4 აპრილი ნატო-ს დაარსების დღეა და გადავწყვიტე, პარლამენტში სწორედ ამ დღეს მოვსულიყავი
4 აპრილია, ნატო-ს დაარსების დღე და შეგნებულად, სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის წინაშე წარვმსდგარიყავი და ჩემი მოხსენება დამეწყო პროგრესით, რაც ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამის დასტურია უპრეცენდენტო სწავლება, რომელიც საქართველოში გასულ კვირაში ჩატარდა, ასევე მაღალი დონის ვიზიტები და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა.
„ამის დასტურია მაღალი დინის ვიზიტები და განსაკუთრებით ის აღიარება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს, განსაკუთრებით, თავდაცვის უწყებას აქვს, რეფორმების განხორციელების შედეგად, რომელიც ბოლო წლებში გავატარეთ და, რომელიც გვაძლევს მტკიცე საფუძველს, რომ მომავალში აუცილებლად ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში გამოსვლისას საუბარი შეეხება საქართველოს თანამშრომლობას აშშ-სთან, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან მიღწეულ პროგრესს.
„კონკრეტულად ვისაუბრებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოზიტიური თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკაზე, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, მზარდ ფინანსურ დახმარებაში, აღჭურვაში, ერთობლივ სწავლებაში, ამბიციური პროგრამების განხორციელებაში. რა თქმა უნდა, მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც იქნება საუბარი. ვისაუბრებთ ევროკავშირთან მიმართებაში მიღწეულ პროგრესზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ასევე ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებთან არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში რა მიღწევები გვაქვს, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. მიღწევები კი, ძალიან საამაყოა თითოეული ქართველისთვის. მინდა, რომ აქ თითოეულს გავუზიარო ეს საერთო წარმატება“, – განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.