საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამავე კლინიკაში მყოფი ცამეტი პატიმარი მოინახულა. ამის შესახებ ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვა სპეციალისტების საქმეა. როგორც იოსელიანი წერს, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, შენარჩუნებული იქნება.
„დღეს ვიყავი კლინიკა „ვივამედში“, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემაზე. ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა, თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.
რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომლებსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან.
ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე გათავისუფლებას“, – წერს ლევან იოსელიანი.