ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა პოლონეთში სამხედრო სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა და პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პოლონეთის უმსხვილესი სამხედრო სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ კელცაში შედგა, სადაც ყოველწლიური სამხედრო სამრეწველო გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაზე საქართველოს პარლამენტის წევრები სეიმის თავდაცვის კომიტეტის წევრების მასპინძლობით იმყოფებიან.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთში იარაღის ექსპოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. წარმოდგენილ შეიარაღებას შორის 90% სწორედ პოლონეთშია წარმოებული.
„აქ წარმოდგენილია ყველა სისტემა, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლონური წარმოების. უზარმაზარი სურვილი და მზაობა აქვთ, რომ საქართველოსთან გააღრმავონ ურთიერთობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ კომპანიასთან უკვე დაწყებული აქვს თანამშრომლობა, მაგრამ მეტია საჭირო, ყველამ კარგად ვიცით და უკრაინის ომმა აჩვენა, როგორი სანდო პარტნიორია პოლონეთი, როგორი ერთგული მეზობელია. შესაბამისად, როგორც კი ჩამოვალ თბილისში, ვიქნები ერთ-ერთი აქტიური ლობისტი იმის, რომ პოლონეთის სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან საქართველომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში სამხედრო მრეწველობის განვითარების სფეროში გააღრმაოს ურთიერთობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, სეიმის ვიცე-მარშალის მიწვევით მიმდინარეობს.