ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასავლელი პარტნიორები რომ არ მონაწილეობდნენ, საქმე შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისულიყო
ოპოზიციონერი დეპუტატის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასავლელი პარტნიორები რომ არ მონაწილეობდნენ, ალბათ, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდოდა.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ ლიდერების ამერიკაში ვიზიტს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, განცდა აქვს, რომ აშშ-ში ვიზიტად მყოფ ირაკლი კობახიძეს კომპრომისის საჭიროებასთან დაკავშირებით ისეთ საკითხზე მიუთითეს, რაზეც აქამდე არც კობახიძე და არც „ქართული ოცნება“ მზად არ იყო.
„ირაკლი კობახიძე აშშ-დან კომპრომისზე საუბრობს. ამბობს, რომ კომპრომისისთვის მზად არის და ამისკენ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ასეთი ინტენსივობით და მონდომებით ასეთი საუბარი აქამდე არ გამიგია. იმედი მაქვს, პირველ რიგში „ქართული ოცნება“ გაიაზრებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს და გადადგამს ნაბიჯებს, რათა ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს. თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, რომელმაც უნდა დათმოს წითელ ხაზად გაცხადებული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. ეს იმიტომ კი არ უნდა დათმოს, რომ „ქართულ ოცნებას“ ასე უნდა, არამედ უნდა დათმოს, რადგან ჩვენი მოქალაქეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ელოდებიან”, – განაცხადა იოსელიანმა.