ლევან იოსელიანი - ზურაბ ჯაფარიძე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სასამართლოსგან ითხოვდა, არ მიკვირს, რომ ამ საკითხს დღეს კიდევ ერთხელ აყენებს
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვდა და არ უკვირს, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ აყენებს.
„ფიზიკურად პარლამენტში არ მინახავს, იყო ფრაქციის წევრი, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოდან მისი სარჩელი არ გამოუტანია. მას არ უთქვამს იმ მოთხოვნაზე უარი, სადაც პარლამენტიდან გასვლაზე უარის ანულირებას ითხოვდა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.
ამ განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით მის მიერ აღებული ვალდებულება.