ლევან იოსელიანი - ვლადიმერ პუტინის განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი იმ ტერიტორიებზე გაჩერებას, რომელთა „დამოუკიდებლობაც“ აღიარა, არ აპირებს
რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი იმ ტერიტორიებზე გაჩერებას, რომელთა „დამოუკიდებლობაც“ აღიარა, არ აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის მთელი გამოსვლა აგებული იყო საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაზე.
„რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი იმ ტერიტორიებზე გაჩერებას, რომელთა „დამოუკიდებლობაც“ აღიარა, არ აპირებს. მისი გეგმები კიდევ უფრო შორს მიმავალია. პუტინის მთელი გამოსვლა აგებული იყო საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაზე. მან საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელს მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი. პუტინის გამოსვლამ დაგვანახა, რომ რუსეთი არ აპირებს გაჩერებას არც დონბასზე, არც სხვა ქალაქებზე, რადგან მისი მიზანია, აღადგინოს საბჭოთა კავშირი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის არსებობდა. ერთადერთი სწორი გამოსავალია უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა და დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში ყოფნა, რათა რუსეთის აგრესიას ყველა მშვიდობიანი საშუალებით წინ აღვუდგეთ. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, უკრაინის თავისუფლება და სუვერენიტეტი, რამდენად არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან და სუვერენიტეტთან. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერის დემონსტრირება მართებს, არ უნდა მოვერიდოთ რაღაცა ტიპის სიტყვების ხსენებას და რუსეთის მიმართ პოზიციონირებას ოკუპაციის ნაწილში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.