ლევან იოსელიანი - ვიცით, ქვეყანაში პროდასავლური განწყობა რამდენად მაღალია და ოთხეულის განცხადებები სერიოზულ ხარვეზებს ვერ წარმოქმნის
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, როცა ელჩს რაიმეში ადანაშაულებ, ეს მხოლოდ პერსონალური საკითხი არ არის და კონკრეტული ბრალდებების გახმოვანებაა მისი წარმომადგენელი ქვეყნის მიმართ.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, როცა აშშ-ის ელჩს ბრალს დებ, რომ მას საქართველოში გადატრიალების მოხდენა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა აშშ-ს უნდა.
„იმ ქვეყანას უნდა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ეს ყველაფერი აქამდე დადის, რაც ღიმილის მომგვრელია. ასეთი განცხადებები აშშ-ის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებს ვერ შეცვლის. ვიცით, ქვეყანაში პროდასავლური განწყობა რამდენად მაღალია და ამ ოთხეულის განცხადებები სერიოზულ ხარვეზებს ვერ წარმოქმნის. ჩემთვისაც ბევრი რამე გაუგებარია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამე სულ მალე გაირკვევა და გამოჩნდება, ამ ოთხი ადამიანის მიზანი რა იყო წერილების გამოქვეყნების. ვფიქრობ, შორი არ არის, როცა ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა იოსელიანმა.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან.