ლევან იოსელიანი - ვგმობ აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომში, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე, მათ შორის, ბავშვებზე და ბანაკისკენ მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას
ლევან იოსელიანი - ვგმობ აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომში, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე, მათ შორის, ბავშვებზე და ბანაკისკენ მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს ბორჯომში, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე, მათ შორის, ბავშვებზე და ბანაკისკენ მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას. ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლევან იოსელიანი ფაქტს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის.

„საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას.

ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი.

სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვროდა. ამასთან, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობი პირები ახალგაზრდებს ემუქრებიან.

მანამდე კი, პარტიის ცნობით, გორში პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.