ლევან იოსელიანი - მგონი, აღარავის აქვს ფუფუნება, შეფარული ოპოზიცია ან სატელიტი იყოს, გამოჩნდება, გახარია როგორ ოპოზიციონირებას გადაწყვეტს
ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად ასხვავებენ ერთმანეთს ვითომ ოპოზიციას, ხელოვნურად შექმნილ ოპოზიციას და იმას, რეალურად ვინ არის ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოჩნდება, გიორგი გახარია როგორ ოპოზიციონირებას გადაწყვეტს.
„ძალიან საინტერესო იქნება, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია როგორ იქნება ოპოზიციაში. ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად ასხვავებენ ერთმანეთს ვითომ ოპოზიციას, ხელოვნურად შექმნილ ოპოზიციას და იმას, რეალურად ვინ არის ოპოზიციაში. ამიტომ, მგონი, წავიდა ის დრო, რომ ვიღაცას აქვს ფუფუნება, იყოს შეფარული ოპოზიცია, ან სატელიტი. გამოჩნდება, გახარია როგორ ოპოზიციონირებას გადაწყვეტს. მივესალმები იმას, თუ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, ამის გამო პოლიტიკური ლანდჩაფტი გახდება უფრო საინტერესო. ძალიან მეეჭვება, რომ ვინმემ შეძლოს „მესამე ძალის“ მანტიის მორგება, მგონია, რომ ეს მესამე ძალა უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების კოალიცია, რადგან ერთ რომელიმე პარტიას გაუჭირდება ამ ტვირთის თავის თავზე აღება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.