ლევან იოსელიანი - ვერ ვხედავ წინაპირობას, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენას უზღუდავს
სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონპროექტის პირველ და მეორე რედაქციას შორის დიდი სხვაობა არ არის, რამდენიმე სიტყვაა შეცვლილი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ოპოზიციამ საკუთარი პოზიციის ნაწილი რატომ შეცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მთავარია, ცვლილებები არავის უკრძალავს შესაძლებლობას, რომ ნომინირება მოახდინოს და კანდიდატებს საშუალება ექნებათ, მხარდაჭერა მოიპოვონ.
„იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას უზღუდავს კანდიდატის წარმოდგენას. შეთანხმების გარეშე სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელი იქნება, რადგან საჭიროა 90 ხმა და ოპოზიციის მონაწილეობა. რომელიღაც კანდიდატი თუ მომეწონება, მხარს დავუჭერ. კანდიდატებს კეთილსინდისიერებითა და კვალიფიკაციით შევაფასებ. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, მგონია, რომ მიზეზს ეძებდნენ, მხარი არ დაეჭირათ. შალვა პაპუაშვილის გამოსვლა ვიღაცას მოეწონა და ვიღაცას არა, მაგრამ ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც უკვე მხარი ერთხელ დაუჭირეს და თუ კანონპროექტში არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება დღეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებებით იცვლება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა.
კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“, თუმცა მათ მეორე მოსმენისას ცვლილებებს ხმა არ მისცეს.