ლევან იოსელიანი - ვადამდელი არჩევნები მიღწევადი რომ ყოფილიყო, ოპოზიციამ იმხელა ძალისხმევა დახარჯა, ამას მიაღწევდა, ეს საკითხი ჩავლილია, სჯობს, კონცენტრირება თვითმმართველობის არჩევნებზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაფერ კავშირში არ არის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ჟურნალისტებთან საუბარისას, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას უფლება აქვს, იშიმშილოს ან შიმშილობა შეწყვიტოს.
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვას, რაც უნდა შეასრულოს. ოპოზიციამ 30 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმი რომ დაარქვა, ეს არ იყო სწორი, რადგან თვითმმართველობის არჩევნები არის თვითმმართველობის. თვითმმართველობების დონეზე სადმე ოპოზიციის კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს, ეს სახელმწიფოში არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით ვერ ცვლის საარჩევნო კალენდარს, ვიცით, რომ შემდეგი არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს და ოპოზიციის რომელიმე კანდიდატის გამარჯვება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ გულისხმობს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მიღწევადი რომ ყოფილიყო, ოპოზიციამ იმხელა ძალისხმევა დახარჯა, ამას მიაღწევდა. დღეს ეს საკითხი ჩავლილია და სჯობს, კონცენტრირება თვითმმართველობის არჩევნებზე გაკეთდეს. სააკაშვილის ჯანმრთელობა არაფერ კავშირში არ არის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და არჩევნების სამართლიან ჩატარებაზე – ცესკო. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.
არჩევნებზე საუბრისას, ლევან იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტურში საკუთარი არჩევანის გაკეთებას არ აპირებს, რადგან მისთვის დედაქალაქში არც ერთი მერობის კანდიდატი არ არის მისაღები.
იოსელიანის თქმით, მისი თვითმიზანი არ არის, რომ არჩევნებზე მივიდეს და ბიულეტენი გააფუჭოს.
„არ მიმაჩნია, რომ ბიულეტენის გაუქმება სწორია, ეს სამართლებრივად არჩევნებზე არმისვლის ტოლფასია. პირველ ტურში ვიყავი და კანდიდატი იყო, ვისაც მხარი დავუჭირე, მაგრამ მეორე ტურში ეს კანდიდატი აღარ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.