ლევან იოსელიანი - USAID-თან ძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს, ამ ორგანიზაციის მიმართ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის
ლევან იოსელიანი - USAID-თან ძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს, ამ ორგანიზაციის მიმართ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის

USAID-თან ძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. ამ ორგანიზაციის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 26-29 სექტემბერს ჩატარებული კონფერენცია, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა, USAID-ის დაფინანსებული იყო.

„USAID-ი ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია, რომელთანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და ძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. ეს ორგანიზაცია ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და USAID-ის მიმართ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.