ლევან იოსელიანი - ულტიმატუმებით საუბარი პროცესს აზიანებს, „ისფედი“ ყველა სამუშაო ჯგუფში უნდა იყოს წარმოდგენილი, ბოდიშის მოხდასა და აღიარებაზე მოთხოვნა სიტუაციის დაძაბვისკენაა მიმართული
ბოდიშის მოხდასა და აღიარებაზე მოთხოვნა იმისკენ არის მიმართული, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს და ეს პროცესი ჩიხში შევიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფში „ისფედის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
იოსელიანი აცხადებს, რომ თუ ეს პროცესი ჩიხში შევა, ჩიხში შევა 12 პუნქტის შესრულების მთავარი პუნქტიც.
„ერთმანეთთან ასეთი ულტიმატუმებით საუბარი ამ პროცესს აზიანებს. „ისფედი“ ყველა სამუშაო ჯგუფში უნდა იყოს წარმოდგენილი იმის მიუხედავად, მისი ხელმძღვანელის მიმართ რა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს – არ აქვს მნიშვნელობა, მიტინგზე დგომას ედავებიან თუ სხვა რამეს. მთავარია, რომ ორგანიზაციას არასდროს გაუკეთებია განცხადება, რომ რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგო პოზიცია გამოეხატა. ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, რომ „ისფედი“ სამუშაო ჯგუფებში არ დაუშვან. ბოდიშის მოხდასა და აღიარებაზე მოთხოვნა იმისკენ არის მიმართული, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს და ეს პროცესი ჩიხში შევიდეს. თუ ეს პროცესი ჩიხში შევა, ჩიხში შევა 12 პუნქტის შესრულების მთავარი პუნქტი, რაც ამ პროცესის ინკლუზიურად წარმართვას გულისხმობს და ჩაითვლება, რომ ჩვენ ვერ შევასრულებთ ამ პუნქტებს და უარყოფით შეფასებას მივიღებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „ისფედს“ უარი ეთქვა პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რადგან მათ არ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, კვალავ უყენებენ თუ არა მოთხოვნას პარლამენტს, რომ ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში.