ლევან იოსელიანი - უგულავა და ბოკერია ცდილობენ, გარეთ შეუშალონ ხელი შეთანხმების მიღწევას, ხოლო ამას შიგნით აკეთებს ბაქრაძე, რადგან პარტიის ორი მესამედი პარლამენტს გარეთ დარჩა
უგულავა და ბოკერია ცდილობენ, გარეთ შეუშალონ ხელი პროცესის ნორმალიზებას და შეთანხმების მიღწევას, ხოლო შიგნით იგივეს აკეთებს ბაქრაძე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ პარტიის ორი მესამედი დარჩა გარეთ, ვერ მიიღეს მანდატები და სურთ, ქვეყნის ინტერესი თავიანთ პარტიულ, პირად ინტერესებს გადააყოლონ.
„ამის საშუალებას ჩვენ ვერ მივცემთ. რასაც აკეთებენ, ამის შეფასება არის ის, რომ მათვის მთავარია პირადი ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ფეხებზე კიდიათ. პარტიას, რომელმაც მილიონები დახარჯა და ხელმოცარული დარჩა, ინტერესი აქვს, რომ ააყირაოს სიტუაცია. ფაქტობრივად, „ევროპული საქართველო“ აღარ არსებობს. გიგა ბოკერია და უგულავა არიან გარეთ, პარლამენტში შევიდა ხალხი, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ არ ასოცირდება“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ყველა ნიშანი არის იმისა, რომ ელისაშვილი მიზეზს ეძებს პარლამენტში შესასვლელად, რაც იქნება მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული. ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებული, უნდათ, ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ელისაშვილის შეფასებით, ახლა არსებობს შესაძლებლობა, „მოლაპარაკებიდან გამოიტანონ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები“და თუ ექნება შესაბამისი დოკუმენტები თავისი გარანტიით, საშვილიშვილო საქმისთვის პარლამენტში შევა. თავის მხრივ, „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით ისაუბრა ლევან იოსელიანმაც, რომელსაც მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გიგა ბოკერიას მძევლობაშია.