ლევან იოსელიანი - თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მიშელის კარგ შეთანხმებაში იყო რამდენიმე პრობლემური პუნქტი, მათგან ერთ-ერთია გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერი, რომელიც პროექტიდან ამოსაღებია
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
იოსელიანის განმარტებით, თავიდანვე მიაჩნდა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში რამდენიმე პრობლემური პუნქტი იყო და მათგან ერთ-ერთი არის სწორედ გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერი.
ლევან იოსელიანის შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერი პროექტიდან ამოსაღებია, რადგან საბოლოოდ უარეს შედეგს მოიტანს.
„მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი აზრი დავაფიქსირო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც ვისაუბრე იმ დახურულ შეხვედრაზეც, რომელიც გაიმართა პოლიტიკურ ჯგუფებსა და მმართველ პარტიას შორის და რომელიც შედგა შემდგომ საკომიტეტო მოსმენაზე. ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვინაიდან თავიდანვე მიმაჩნდა, რომ შარლ მიშელის კარგ შეთანხმებაში იყო რამდენიმე პრობლემური პუნქტი, მათგან ერთ-ერთი არის სწორედ გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერი.
მეორე ასეთი პრობლემური პუნქტი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ ჩანაწერი, რომელმაც ყველას თვალნათლივ დაგვანახა, რომ ამ ჩანაწერმა არ იმუშავა და ჩვენ რეალურად გავიარეთ ფორმალური პროცესი, რომლის შედეგად მივიღეთ ცესკო-ს თავმჯდომარედ ისეთი ფიგურა, რომლის შესახებაც კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, ეს ორი ჩანაწერი ამ შეთანხმებაში არ იყო შედეგზე ორიენტირებული, შედეგის მომტანი, თუმცა მესმის, რომ იმ ეტაპზე მეორე მხარეს იყო ბევრად მნიშვნელოვანი ამოცანა, შემდგარიყო პოლიტიკური შეთანხმება, დაძლეულიყო კრიზისი და სწორი იყო ყველა, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მათ შორის მოვაწერეთ ჩვენც, რადგან ამ შემთხვევაში სიკეთე, რომელიც მეორე მხარეს იყო, ბევრად აღემატებოდა თუნდაც სამართლებრივად არასწორ ჩანაწერებს, რომელიც ამ შეთანხმებაში გვქონდა. ამის შესახებ ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან, ელჩებთან, რომლებთანაც რეგულარულად მქონდა შეხვედრაც, საუბარიც და ყოველთვის ვუფიქსირებდი, რომ ეს ჩანაწერები არ იმუშავებდა და ასეც მოხდა.
ზოგადად, მე არ ვარ მომხრე, კონსტიტუციაში შევიტანოთ ხელოვნურად რაღაც კვაზი, დემოკრატიული მოდელები, რომლებიც საბოლოო ჯამში უფრო მძიმე შედეგს იძლევა. ამის კარგი მაგალითია, საპროკუროროს შესახებ შესული ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელმაც რეალურად შეასრულა კვაზი დემოკრატიული მოდელის ფუნქცია, ამ საბურველით შეიფუთა და შედეგი მოგვიტანა ის, რომ დღეს ისევ ვმსჯელობთ გენერალური პროკურორის არჩევის რაღაც დემოკრატიულ წესზე. ანუ, ის ჩანაწერი, რომელიც მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ იყო მოწონებული, და რომელსაც პარლამენტში ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, არ აღმოჩნდა შედეგიანი. შეიძლება, შეცდომები დავუშვათ საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ როცა კონსტიტუციას ეხება საქმე, აქ პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა ფარავდეს სამართლებრივ ჭეშმარიტებას და ეს ჭეშმარიტება აბობს, რომ ეს ჩანაწერი, რაც დღეს არის, ამოსაღებია პროექტიდან, რადგან საბოლოო ჯამში უფრო უარეს შედეგს გამოიღებს, ჩვენ მივიღებთ ერთი წლით მორჩილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შეეცდება, დაუმტკიცოს მმართველ პარტიას თავისი ერთგულება და უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამს, ვიდრე არსებული გადადგამდა. ამიტომ, მოდით, ამ კუთხითაც შევხედოთ, სამომავლოდ ეს ჩანაწერი იქნება კონსტიტუციისთვის ბევრად დამაზიანებელი, ვიდრე სიკეთის მომტანი და ოპოზიციისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი, ვიდრე სიკეთის მომტანი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ორ პროცენტამდე მცირდება. პროექტით, გენერალური პროკურორის არჩევა უნდა მოხდეს სამ ეტაპად. პირველ და მეორე შემთხვევაში 90-90 ხმით, მესამე შემთხვევში კი, მას 76 დეპუტატი ირჩევს. ამასთან, ფრაქციის შექმნის წესი იცვლება და შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.