ლევან იოსელიანი - თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რათა ჩემთვის არ მოეცათ ხმა, ეს იყო ბულინგი, ამის მიუხედავად, უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს
ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად გამოვედი, რომ სამ ძალიან მამაც ქალს, თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ ახალარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, დეპუტატებმა ერთ კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რათა მისთვის არ მიეცათ ხმა.
„სიმართლე გითხრათ, გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რათა ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი, რაც გინდათ, ის დაარქვით. მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში, ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ეს ნდობა გამომიცხადეთ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია ძალიან საპატიო სახელი – სახალხო დამცველი, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი“, – განაცხადა იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არცერთი წავიდა.