ლევან იოსელიანი - სტუდიებში განხილვიდან ფარული ჩანაწერების საკითხი უნდა გადავიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც რეალურად გავიგებთ, რა მოხდა
ვითხოვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, სტუდიებში განხილვიდან ფარული ჩანაწერების საკითხი უნდა გადავიდეს უფრო განსხვავებულ ფორმატში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან ჩანაწერების გამოქვეყნების პირველი წუთებიდან პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება, სწორედ ამიტომ, პარტია „მოქალაქეები“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
„ლოგიკური იქნებოდა, პირველივე წუთიდან თავად პროკურატურას დაეწყო გამოძიება და ასე ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში, როცა ასეთი სახის ჩანაწერები გამოდის და ხდება საჯარო. მაშინ გამოძიება იწყება, რადგან ამ ჩანაწერებიდან იკვეთება შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მთელი რიგი თანამდებობის პირების მიერ. ეს რომ არ ხდება, ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვითხოვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარლამენტს აქვს ბერკეტი დაიბაროს ყველა ის პირი, ვინც არის ჩანაწერებში მონაწილე, ასევე ჟურნალისტები და ის ადამიანებიც, ვისზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა. სწორედ პირველ წყაროდან უნდა მოვისმინოთ, როდის მოხდა, როგორ მოხდა, რა მოხდა“, – განაცხადა იოსელიანმა.
მან ასევე ოპოზიციას მოუწოდა, ჩაერთონ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.
„ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია აქ, ამისთვის საჭიროა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება და ოპოზიციასაც აქვს მანდატები, რომ დაგვეხმარონ, საგამოძიებო კომისიის შექმნაში, მონაწილეობა მიიღონ და დავამტკიცოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში, სტუდიებში განხილვიდან ეს საკითხი უნდა გადავიდეს უფრო განსხვავებულ ფორმატში, სადაც რეალურად გავიგებთ, რა მოხდა, თორემ, ასე ყველა თავისას მოყვება განსხვავებულ ტელევიზიებში და სახელმწიფოს ინტერესი რაც არის, დადგინდეს თანამდებობის პირები იყვნენ თუ არა ჩართული კონკრეტულ დანაშაულში, ეს ვერ დადგინდება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი ხმა, მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად ჩავუდგეთ დროებით საგამოძიებო კომისიას. 2010 წელს არის საუბარი ჩაწერილი, 2012-ში თუ 2016 წელს, მოვისმინე, რომ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობაო. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ. ისინი ამას აკეთებდნენ, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუ მოქალაქეები, ეს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აყენებს ამ საქმესთან მიმართებაში და პასუხისმგებლობის ხარისხი არის განსხვავებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, ამის ყველაზე სანდო მექანიზმია პარლამენტი, სადაც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც აქვს რესურსი, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და მოქალაქეებს პასუხი გავცეთ, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა იოსელიანმა.