ლევან იოსელიანი - საზოგადოებას რომ სჯეროდეს, სააკაშვილი კვდება, ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, ვფიქრობ, ეს უფრო ქვეყნის გარეთ არის დამაჯერებელი
ლევან იოსელიანი - საზოგადოებას რომ სჯეროდეს, სააკაშვილი კვდება, ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, ვფიქრობ, ეს უფრო ქვეყნის გარეთ არის დამაჯერებელი

საზოგადოებას რომ სჯეროდეს, სააკაშვილი კვდება, ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და ამ ყველაფერს გააპროტესტებდა. ვფიქრობ, ეს უფრო დამაჯერებელია ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორი იქნება, სააკაშვილს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს.

„ევროპარლამენტში 50-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიერ ხუთი რეზოლუციაა დაინიცირებული და ეს აღარ არის ერთი, ორი ან ხუთი ევროპარლამენტარის მიერ დაინიცირებული. რეზოლუციების მთავარი გზავნილია, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ. მას საშუალება უნდა ჰქონდეს, იმ ქვეყანაში იმკურნალოს, სადაც მკურნალობას სთავაზობენ. მისი პარტიისა და მისი ოპონენტების მხრიდან სააკაშვილის ჯანმრთელობის ინსტრუმენტალიზაცია, პოლიტიკური ნიშნით გამოყენება უნდა დასრულდეს. ამით საქართველომ არ უნდა იზარალოს.

საზოგადოებას რომ სჯეროდეს, სააკაშვილი კვდება, მაშინ მას ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და ამ ყველაფერს გააპროტესტებდა. ამიტომ მგონია, რომ ეს დამაჯერებელი არ არის. ასე რომ იყოს, ქუჩაში ხალხმრავალ გამოსვლებს ვნახავდით. ქუჩაში მისი მხარდამჭერების ათი პროცენტი მაინც ხომ უნდა გამოვიდეს? ვფიქრობ, ეს უფრო დამაჯერებელია ქვეყნის გარეთ, ევროპარლამენტში კი რეზოლუციას ვხედავთ. ვნახეთ გადახდილი თანხაც, რაც ამ კამპანიას ემსახურება, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, ის მკურნალობა მიიღოს საქართველოში, რაც მას სჭირდება, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორი იქნება, მას სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან იოსელიანი გამოეხმაურა ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც ევროპარლამენტარი ამბობს: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

ლევან იოსელიანის თქმით, ბუნებრივია, ქვეყანა უნდა დაემორჩილოს იმ ოჯახის წესებს, რომელ ოჯახშიც შესვლა სურს.

„რა ოჯახშიც გვინდა, მივიდეთ, იმ ოჯახში არის წესები და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ მათ წესებს არ დავემორჩილებით, ისინი არ მიგვიღებენ თავიანთ ოჯახში და ეს ბუნებრივია. არ წარმომიდგენია, სტატუსი მოგვცენ და ჩვენი პოლიტიკა, რეფორმები ევროკავშირის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში იყოს. კუბილიუსი არის სააკაშვილის მხარდამჭერი და მას მხარს საჯაროდ უჭერს, თუმცა ევროკავშირში არის ისეთი წესიც, რომ ყოფილ პრეზიდენტებს თუ ბრალი აქვს წაყენებული, მაინცდამაინც ციხეში არ სვამენ და შინაპატიმრობაში არიან, აქვთ სხვა სახის შეზღუდვები. ეს ევროკავშირში მიღებული წესია და შეიძლება, კუბილიუსი ამასაც გულისხმობდეს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.