ლევან იოსელიანი საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
25 და 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამის შესხებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებაში რელიგიის როლი, რელიგიათაშორისი თანამშრომლობის, შემწყნარებლობის და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობის საკითხები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს.
„შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლებმა.
სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ასევე, ისაუბრა რელიგიური ნიშნით ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.
სამუშაო შეხვედრაზე რელიგიის თავისუფლების ჭრილში განხილულ საკითხთა შორის იყო სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო გაწვევის ახალი სისტემა და რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეების აღმსარებლობის ნიშნით მონაცემთა დამუშავების წესი; რელიგიური, საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, რესტიტუციის, რესტავრაციის, კუთვნილების, სამშენებლო ნებართვების მოპოვების საკითხები; ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლების არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრეს“, – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.