ლევან იოსელიანი - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან მიახლოების შესაძლებლობასთან, ამას სჭირდება პარტიების პასუხისმგებლობა, სამწუხაროდ, საპირისპირო ნაბიჯები დავინახე
ქართველებმა ამ შემთხვევაშიც თავი გამოვიჩინეთ, ჩვენი ურთიერთდაპირისპირება იმ სიბრტყეში გადავიტანეთ, რა სიბრტყეშიც საქართველოს ხელს უშლის, წარმატებას მიაღწიოს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ არც ჩვენ, არც უკრაინა და არც მოლდოვა შეიძლება სხვა განსხვავებულ შემთხვევაში იმ კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებთ, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ომის პირობებში, როცა რუსეთი ცდილობს, ორ ნაწილად გაყოს სამყარო და ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა თავისი გავლენის ქვეშ მოგვაქციოს, მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ დღის წესრიგის მონაწილე ვიყოთ და თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველომ უნდა მიიღოს ეს შესაძლებლობა. ქართველებმა ამ შემთხვევაშიც თავი გამოვიჩინეთ და ჩვენი ურთიერთდაპირისპირება იმ სიბრტყეში გადავიტანეთ, რა სიბრტყეშიც საქართველოს ხელს უშლის, მიაღწიოს წარმატებას საერთაშორისო არენაზე. ამის მაგალითია ის, რომ შიდაპარტიული დღის წესრიგი გახდა ბრიუსელში განცხადებების გაკეთების ნაწილიც და ეს ყველაფერი ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. საქართველო არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა შესაძლებლობასთან, ევროკავშირს მიუახლოვდეს, ამიტომ ამას სჭირდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან პასუხისმგებლობა. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დღეებში, ამის საპირისპირო ნაბიჯები დავინახე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.