ლევან იოსელიანი - საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრას ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შორის რაღაც ტიპის კოორდინაცია იყოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინიციატივით, დღეს საპარლამენტო ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის საკითხზე კონსულტაციები გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“, „გირჩისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა განაცხადა, ეს იყო სპონტანური შეხვედრა და ამიტომ მას რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი არ დასწრებია.
„დღევანდელ შეხვედრას ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მთავარ რაღაცაზე ვილაპარაკეთ. სულ მცირე იმაზე, რომ ოპოზიციის შიგნით ძალიან განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს და ძალიან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შორის რაღაც ტიპის კოორდინაცია იყოს, თუნდაც იმ საკითხებზე, რაზეც შეგვიძლია, ერთი აზრი გვქონდეს. ეს დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ყველასთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებთან.
მესმის, რომ ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ის, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ, ეს არის დასაწყისი სამომავლოდ უფრო ქმედითი ნაბიჯებისთვის. დღეს ვისაუბრეთ, რომ მოდით, ერთმანეთთან საუბარი დავიწყოთ და ერთმანეთთან ლაპარაკს ნურც ერთი მედია ნუ თარგმნის კონსპირაციად. ოპოზიციას შეხების წერტილები გვაქვს ძალიან მძიმე, მაგრამ სადაც გვაქვს შეხების წერტილი, უნდა შევძლოთ, იქ საერთო აზრი გვქონდეს, შესაძლებლობა გვქონდეს ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ, თუ შესაძლებლობა იქნება, ხალხის პრობლემებზე შევქმნათ საგამოძიებო კომისიები, რომ ეს ინსტიტუცია ძირითადად გახდეს ხალხზე მოლაპარაკე და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე ან ერთ პოლიტიკურ ლიდერზე.
ძალიან გული მწყდება, რომ პარლამენტი ვერ სარგებლობს იმ ავტორიტეტით საზოგადოებაში, როგორითაც უნდა სარგებლობდეს. ეს პარლამენტის ბრალია, რადგან ძირითადად დაკავებული ვართ ერთმანეთის ლანძღვით და ერთმანეთზე თავდასხმით. დღეს ამაზე გვქონდა საუბარი. მოდით, ცოტა ხანი ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და ყველამ ვცადოთ, ვილაპარაკოთ ხალხზე და იმაზე, რა გვაქვს ერთმანეთთან საერთო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.