ლევან იოსელიანი - სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად მოუწია საკუთარი ელჩის დაცვა საქართველოში, დეპარტამენტმა ყვითელი ბარათი ამოუღო „ქართულ იცნებას“ და ამაზე უნდა დაფიქრდნენ
ლევან იოსელიანი - სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად მოუწია საკუთარი ელჩის დაცვა საქართველოში, დეპარტამენტმა ყვითელი ბარათი ამოუღო „ქართულ იცნებას“ და ამაზე უნდა დაფიქრდნენ

გული მწყდება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად მოუწია საკუთარი ელჩის დაცვა საქართველოში და დაცვა ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ყვითელი ბარათი ამოუღო „ქართულ იცნებას“ და ამაზე უნდა დაფიქრდნენ.

„ასე თუ გააგრძელებენ, სიმართლე გითხრათ, მათი პოლიტიკური მომავალი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ქვეყანას მიაყენებენ ძალიან დიდ დარტყმას. სტაბილურობის ერთადერთი გარანტი მთელი ამ წლების მანძილზე თუ ვინმე იყო, იყო ამერიკის შეერთებული შტატები და მათზე თავდასხმა ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები უგულვებელყო. იმიტომაც ჰქონდათ მათ ასეთი მძაფრი რეაქცია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ენით არ ესაუბრებიან“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არის გაუგებარი და პროდასავლურ კურსთან მიუღებელი.

„ქართული ოცნების“ მიზნებზე საუბარი გამიჭირდება. მათი ბოლოდროინდელი განცხადებები არის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია მათივე გაცხადებულ პროდასავლურ კურსთან. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, დასავლეთის მხარეს არიან, თუ სხვა მხარეს ირჩევენ“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა: „ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე“.