ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველს და მის აპარატს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში
ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველს და მის აპარატს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში

სახალხო დამცველს და მის აპარატს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას.

„ჩვენ ძალიან ხშრად მივმართავთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ და რომელიც შეეხება საარჩევნო ხმის უფლების რეალიზებას და რაღაც პრობლემის შექმნას. ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, არ ვართ წარმოდგენილი 3 000 უბანზე და არ გვყავს სადამკვირვებლო ჯგუფები, მაგრამ როგორც მომართვის შემთხვევაში, ისე ჩვენი ინიციატივით, აღვრიცხავთ ყველა შემთხვევას, რომელიც მიემართება ცალკეულ პარტიას თუ ფიზიკურ პირს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს წინასააარჩევნო პერიოდში მისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვასთან. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ ასეთი 15 შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და სადაც ადგილი ჰქონდა მათი აგიტაციის დროს ხელის შეშლას. ეს საკითხი ეხებოდა როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ისე მმართველ პარტიას, იმიტომ, რომ ჩვენ იქითაც ვნახეთ ეს პრობლემა და აქეთაც. ასევე, დავაიდენტიფიცირეთ ცალკეული ფაქტები, სადაც ჩავთვალეთ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა სავარაუდო დანაშაულს. ამ მიმართულებით მივმართეთ შს სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმისთვის, რომ მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაეწყოთ გამოძიება. გარკვეულ ფაქტებზე მივიღეთ ინფორმაცია, გარკვეულზე კი ახლაც ველოდებით“, – განაცხადა იოსელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა შედარებით მშვიდი წინასაარჩევნო გარემო და არის თუ არა ნიშნები, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ურთიერთობა მძაფრდება, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ, ბუნებრივია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ემოციები იმატებს და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია, ადგილი არ ჰქონდეს ძალადობას და ძალადობის მაჩვენებელი არ იყოს მზარდი.

„მე მაინც გავიზიარებ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას, სადაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდს ახასიათებენ, როგორც მეტ-ნაკლებად მშვიდს და ჩემი გადმოსახედითაც ეს ასეა. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ პერიოდს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, დღეს სიძულვილის ენის გამოყენების კუთხითაც უფრო უკეთესია გარემო, ვიდრე, მაგალითად, 2020 წლის არჩევნებზე იყო.

„მახსოვს მაშინდელი პოლიტიკოსების გამოსვლებიც, შეფასებებიც და იმასთან შედარებით, დღევანდელი პოლიტიკური კლასი ბევრად უფრო უკეთესად მეტყველებს და ნაკლებ დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას იყენებს, თუმცა ასეთი შემთხვევებიც არის. ჩვენ ამაზე ყოველთვის გვაქვს რეაგირება და საჯაროდ მოვუწოდებთ ხოლმე, ასეთი ენის გამოყენებაზე უარი თქვან“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო სამ თვეში აპარატში 1000-მდე განცხადებაა შეტანილი სხვადასხვა უფლებასთან მიმართებაში და 2 000-ზე მეტი ზარია შესული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოქალაქეთა მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა პოლიტიკური პარტიები არ აქტიურობენ.