ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმგვარი, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, ვიქნები ყველას სახალხო დამცველი
სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმდაგვარი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, რასაც მავალებს სახალხო დამცველის შესახებ კანონმდებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას: „თქვენი არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოზიცია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილზე?“
იოსელიანის თქმით, უფლებების თვალსაზრისით, იქნება ყველას სახალხო დამცველი და ყველას უფლების დამცველი.
„ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება იმისთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობის პრეტენზია აქვს. თუ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში შეუძლებელია, აღმოჩნდეს ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება და მის ავადმყოფობას განკურნებაში დაეხმარება, მან ეს სერვისი იმ ქვეყანაში უნდა მიიღოს, სადაც ეს მიეწოდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას, ლევან იოსელიანის განმარტებით, ყველა დასკვნას გაეცნობა და სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მუშაობას გააგრძელებს იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
„კონსილიუმის საქმიანობის სტრუქტურას დეტალურად არ ვიცნობ და პასუხების გაცემა გამიჭირდება. წინა სახალხო დამცველმა რაც იმუშავა და რა დასკვნებიც არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით დაწერილი, ყველაფერს გავეცნობი. ყველანაირი შიშები, რომ ვაპირებ რაღაცების უკან გამოხმობას, კიდევ საკონსტიტუციო სარჩელზე იყო საუბარი, ასეთი შიშები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, იმ ჩარჩოში გავაგრძელებ მუშაობას, რა ჩარჩოსაც ადგენს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, ლევან იოსელიანის შეფასებით, მცდარია მოსაზრება, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი.
„ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა, პირიქით, უბიძგებს იმისკენ, რომ პოლიტიკურმა ორგანომ პოლიტიკოსების მეშვეობით აირჩიოს სწორედ პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე. დაახლოებით 27 ქვეყანაა ევროპაში, და არა მარტო ევროპაში, სადაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველად არჩეულია პოლიტიკოსი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თვითონ ევროკავშირის ომბუდსმენი მრავალჯერ იყო პოლიტიკოსი. ამიტომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება არც ჩვენს საკონსტიტუციო ჩარჩოს და არც ევროპის პრაქტიკას. საქართველო არის საპარლამენტო ქვეყნა, რაც გულისხმობს, რომ პოლიტიკურ ორგანოში პოლიტიკოსები ირჩევენ ომბუდსმენს. ეს მოსაზრება თავიდანვე მცდარი იყო. ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი იყო სახალხო დამცველი, ეს კარგი იყო, თუმცა თუ სახალხო დამცველი პოლიტიკოსი იქნება, ნამდვილად არ იქნება ცუდი. ჩემ შემთხვევაში, თუ ეს ასე მოხდება, შემდეგში ყოველთვის პოლიტიკური პარტიები იქნებიან ამ პროცესის განმსაზღვრელები, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს პოლიტიკოსის გამწესებას სახალხო დამცველის თანამდებობაზე“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.