ლევან იოსელიანი - საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს იმ პირობებში, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას არავითარი აზრი არ აქვს იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში.
მისივე შეფასებით, არჩევნებიდან ამ ხნის შემდეგ, დღეს საგამოძიებო კომისია სიმართლის დადგენას არ და ვერ მოემსახურება.
„ამ შემოთავაზებაში სიახლე არაფერია, ეს შემოთავაზება აქამდეც იყო გაჟღერებული, თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში. ზოგადად, არჩევნებიდან ამდენი პერიოდის გასვლის შემდეგ რამე გამოძიების იმედი მე პირადად არ მაქვს, რადგან თვითონ ამ არჩევნების ჩატარება არ იყო იმდაგვარად სტრუქტურირებული, რომ ამ გაყალბების მტკიცებულებები დღესაც იყოს შემორჩენილი, ჩემი აზრით. შესაბამისად, დღეს არანირი საგამოძიებო კომისია სიმართლის დადგენას არ და ვერ მოემსახურება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კითხვაზე, „პარლამენტში ახალი პარტიის არსებობა არაფერს ცვლის?“, – იოსელიანი პასუხობს, რომ რეალურად, ეს პარლამენტში ოპოზიციის შესვლას არ ნიშნავს.
„არა, ეს არაფერს ცვლის სინამდვილეში. იქ შევიდნენ ცალკეული ადამიანები, რომლებმაც ახალი პარტია დააფუძნეს. ეს არ არის ოპოზიციის შესვლა პარლამეტნში, ეს ამად ვერ გადაითარგმნება. ჩემი აზრით, დღეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ოპოზიციამ მოახერხოს და მეხუთე რაუნდისთვის მივიდეს უფრო მომზადებული, ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდანაც იყოს შემხვედრი წინადადება, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნების მიმართ იქნება ადეკვატური.
ეს მიმაჩნია უფრო მნიშვნელოვმად, რომ ორივე მხარე იყოს უფრო მომზადებული მეხუთე რაუნდისთვის. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარესაა, მათ შეუძლიათ რეალურად მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც განტვირთავს პოლიტიკურ კრიზისს. დაველოდოთ, რა იქნება მომდევნო რაუნდზე“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ სთავაზობენ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მოიწვევენ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას.