ლევან იოსელიანი - სააკაშვილთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადება მეორე ტურში მხარდამჭერების მობილიზაციას ემსახურება
ქვეყანაში ღრმა პოლარიზაცია რჩება და პრემიერ-მინისტრის განცხადებამ დაადასტურა, რომ ურთიერთზიზღის, ურთიერთკრიტიკის ფორმატში უნდა წავიდეს მეორე ტური, – ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი, სადაც საუბარია სხვადასხვა ვერსიაზე, თუ რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება მეორე ტურში მხარდამჭერების მობილიზაციას ემსახურება.
„ეს განცხადება სწორედ მეორე ტურში მხარდამჭერების მობილიზაციას ემსახურებოდა. ღარიბაშვილს უნდოდა, ეჩვენებინა, რამდენად სძულს ოპონენტი, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ემსახურება მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზაციას. ეს არის სივრცე, სადაც ცხრა წელია, ეს ორი პარტია ტრიალებს და საზოგადოება ამ დაპირისპირების კორიანტელშია. გადატრიალებაში რას გულისხმობს? ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და როგორც ვიცი, ამაზე საქმე არ არის აღძრული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.